2017 წლის 22 აპრილს
მოძრაობის თეატრმა მაყურებელს კახა ბაკურაძის სპექტაკლი „იგი“ (ჯემალ ქარჩახაძის მოთხრობა
„იგი“-ს მიხედვით, პრემიერა
გაიმართა 2015 წლის ივლისში) წარუდგინა. როდესაც არატრადიციულ, კლასიკურ დადგმასთან
არ გვაქვს საქმე, კიდევ უფრო მძაფრდება მოლოდინი წარმოდგენისადმი, თუ როგორ, რა ხერხებით
და რანაირად გადმოგვცემს რეჟისორი ამბავს.
იგის
„გაუკაცრიელებულ“ და პირველყოფილ სამყაროში თავიდანვე შევყავართ რეჟისორს, როდესაც
ვხედავთ შუაგულ დარბაზში იატაკზე მჯდარ ბელადს, ბუნების, ფრინველებისა და აქა-იქ წყლის
ხმაურის ფონზე. ირგვლივ, დიდ წრეზე მიმოფანტული „ქვიშა“ ის ადგილია სადაც ძირითადად
ვითარდება მოქმედება. მინიმალისტური სცენოგრაცია, ამძაფრებს იმ შეგრძნებას, რომ ყველაფერი
რეჟისორისა და მსახიობების მარიფათზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად და გადასაგებად
წარმოაჩენენ სხეულის ენით იგის ამბავს. დარბაზის სიღრმეში მჯდარი მარიონეტი, მთხორბელად
გვევლინება, რომელიც იწყებს პროლოგს და ამ ხერხით კიდევ უფრო ნათელს ხდის ჩვენს თვალწინ
გათმაშებული სანახაობის შინაარსს. ნელ-ნელა,
ერთ მსახიობს (ბელადს) ემატება გუნდი მსახიობების, რომელებიც ჭერის სიღრმიდან, ბადისებურად
დაწნულ თოკებზე ცოცვით ზემოდან ქვემოთ მოდიან. რეჟისორის ეს გადაწყეტა თავიდანვე თვალში
საცემი ხდება, რადგნან თოკებზე ცოცვით მსახიობები ძალიან ნათლად გადმოგცემენ რომ მოვიდნენ
საიდანღაც და ასვე სადღაც ქრებიან. წინასწარ ხვდები, რომ ბელადიც, იგიც და იგის შემდეგ
სხვანიც, სწორედ ამ უკიდეგანო სიმაღლესა და სიღრმეში გაუჩინარდება, სიღრმეში, რომელსაც
ათასგვარი ინტერპრეტაცია შეიძლება მიეცეს. რეჟისორი არ მიყვება პირდაპირ ლიტერატურულ
ტექსტს, მეტიც, თავდაპირველად სრულიად სხვა ტექსტითა და მოქმედებით იწყება სპექტაკლი
და არა წმინდა ლიტერატურული ამბით, რაც მეტ ინდივიდუალიზმს სძენს წარმოდგენას. სპექტაკლში
იგის გამოჩენის სცენა, მკვეთრად გამოხატულია და შესაბამისად მაყურებელი ხვდება ვინ
არის ამბის მთავარი მოქმედი გმირი. ძალიან მარტივი ქმედებით, დაცემინებით, ჩვენთვის
ნათელი ხდება მისი გამორჩეულობა და განსხვავებულობა, რომელიც მისი ტომის სხვა არსებებისთვის
მომავალში გამაღიზიანებელი, დამაბნეველი და საშიში ხდება.
მსახიობების
მინიმალისტური ფიზიკური მოძრაობები, ხან ტანვარჯიშის ელემენტებს წააგავს, ხან ქორეოგრაფიული
მონახაზის მცდელობაა და ხანაც უბრალო ფიზიკურ მოქმედებაა ყველგვარი ზედმეტი დატვირთვის
გარეშე. დადგმა უფრო სამოყვარულო პერფოსრმანსის შთაბეჭდილებას ტოვებს ვიდრე პროფესიონალურის,
რომ არა მთხრობელის ვერბალური გადმოცემა და მესიჯები (რომლებიც მოქმედებას თან სდევს),
მაყურებლისთვის ამბავი დიდწილად ბუნდოვანი იქნებოდა. წარმოდგენის სამიზნე აუდიტორია
უბრალო მაყურებელია და არა პროფესიონალებით (მსახიობები, რეჟისორები, კრიტიკოსები),
დამოკპლექტებული გუნდი, შესაბამისად „მოუმზადებელი“ მაყურებელი, რომელიც არ იცნობს
ლიტერატურულ პირველწყაროს, შესაძლოა მთლიანად
აცდეს იმ მთავარ აზრს, რისი გადმოცემაც სურს რეჟისორს და გარკვეული მომენტები შეიძლება
გაუგებარიც კი აღმოჩნდეს.
აღსანიშნავია
იგისა და ნის სიყვარულის სცენა, მსახიობები
(იგი - უჩა მჟავია, ნი - ქეთი გიორგაძე) ახერხებენ მაღალი ემოციური შესრულებითა
და გამოხატვით, დახვეწილი მოძრაობებით, გადმოგვცენ იგისა და ნის სიყვარულის, შეცნობის,
არცოდნისა და ცოდნის შეგრძნებები, როგორ ცხოვრობენ ეს გრძნობები მათში და როგორ ჰპოვებენ
გამოხატვას. მათთვის ხომ ყველაფერი ახალი და უცხოა, ისინი პატარა ბავშვებივით შეიცნობენ
საკუთარ თავებს და შემდეგ სამყროს. ამ სცენაში მე, როგორც მაყურებლს დამაკლდა არცოდნიდან
გამოვწეული შიშისა და ცოდნიდან მიღებული გრძნობის განვითარება, კიდევ უფრო წინ წამოწევა
და ჩაღმავება, ჩემი აზრით, ამბის უბრალოდ გადმოცემაზე მეტად საინტერესო, ამ საკვანძო
თემების განვითარება იქნებოდა.
სპექტაკლში
იგი ჩნებდა, როგორც მარტოობა, შინაგანი წინააღმდეგობების მთელი ფეირვერკი, შემეცნების
დაუშრეტელი სურვილი, არ ცოდნის შიში და შემდეგ გაჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემის ბედნიერება,
იგი, როგორც მოაზროვნე და არა პრიმიტიული, ინსტიქტების დონეზე დარჩენილი არსება, იგი
როგორც ბრძოლა და იგი როგორც პროტესტი. ამ ერთ პერსონაჟშია ყველაფერი თავმოყრილი და
არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ იგის როლის შემსრულებელი მსახიობი, უჩა მჟავია ახერხებს
ამ ყველაფრის გადმოცემას და ჩვენამდე მოტანას, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე ეს თემები,
მაინც ზედაპირულ დამუშავებას განიცდიან. საინტერესოდ და მარტივად გადმოცემულია სცენა,
სადაც იგი სილაზე ტახვას იწყებს და შემდეგ ამ ნახატების ფილოსოფიურ გააზრებას გვთავაზობს
მაყურებელს, სადაც ნამუშევარი კი არაა მთავრი, არამედ მისი არსი, როგორ იშლება და როგორ
ქრება ყველაფერი, მათ შორის ადამიანი და რა რთულია დატოვო შენი კვალი ისე, რომ ზღვამ
ვერ წაშლოს.
სქელი თოკებისგან დაწნული ბადე, მთავარი სცენოგრაფიული
ნაწილია, რომელიც მაყურებლის ზემოთ, წინა მხარეს არის გადაჭიმული, იგი მრავალ ფუნქციური
დატვირთვისაა და ხან საცხოვრებლის, ხანაც მაღლი მთის ფუნქციას ასრულებს, მასე ჯერ დამარცხებული
ბელადი ადგის და სადღაც უსასრულობაში იკარგება, ხოლო შემდეგ იგი, რომელიც ბელადის ბედს
მხოლოდ იმიტომ იზიარებს, რომ მეტი ცოდნა აქვს, რაც ამ პრიმიტიული, პირველყოფილი ადამიანისთვის
იმთავითვე საშიში იარაღი ხდება.
საბოლოო
ჯამში დადგმა უფრო პერფორმანსია, ვიდრე პროფესიული ქორეოგრაფია, ან სპექტაკლი. მაყურებლისთვის ამბავი ბუნდოვანია,
რათქმაუნდა არის ადგილები სადაც იკვეთება მოქმედების არსი და სწორ განვითარებამდე მიდის,
მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვევლობის შეგრძნებას ტოვებს წარმოდგენა, რაზეა ამბავი,
ერთ კონკრეტულ ადამიანზე თუ მასში არსებულ უამრავ გრძნობაზე, ბრბოზე თუ უბრალოდ მარტივ
ბანალურ პირველყოფილ ყოფაზე. რომ არა მთხრობელის ტექსტი, კიდევ უფრო გაურკვეველი დარჩებოდა
წარმოდგენის ნაწილები. მოძრაობის თეატრში უფრო მეტ მოძრაობას და ნაკლებ სიტყვას ველოდებოდი,
მოძრაობას რომელსაც ვერბალიზაცია აღარ დასჭირდებოდა და მხოლოდ ძალიან მოკლე მესიჯებით
გვამცნობდა ერთი სცენიდან მეორეზე გადასვლას. ბუნების, ფრინველების და წყალის ხმა გარემოს
აღქმას ნამდვილად უადვილებს მაყურებელს და გვაგებინებს სად მიმდინარეობს მოქმედება.
წარმოდგენა გაწელილი არ არის, რაც გაძლევს საშუალებას ფეხდაფეხ მივსდიოთ სიუჟეტის განვითარებას,
რეჟისორისა და ლიტერატურული პრველ წყაროს დახმარებით ხდება კულმინაცია და კვანძის შეკვრა.
პერფორმანსი არ მიმდინარეობს ტრადიციულ სცენაზე, მსახიობები თამაშობენ არა ამაღლებულ
ფიცარნაგზე, არამედ იმ სივრცეში სადაც მაყურებელია განლაგებული, მათ არანაირი წინაღობა
არ აქვთ აუდიტორიასთან, რაც შეიძლება მიზეზი გახდეს იმისა, რომ მაყურებელი არ განიცდის დისტანცირებას გათმაშებულ
ამბავთან, მეტიც, ცოტა „სცენის მტვერსაც“ ყლაპავს და ფიზიკური „თანამონაწილეობით“ უკეთ
იზიარებს იგის ამბავს, რომელიც ყველა ჩევნთაგანის ამბავია, ყველა ადამიანის საწყისი
და სასრული, რომელიც აუცილებლად გაფიქრებს იმ „ბანალური“ ამბის არსზე, რაც ადამიანის
მოდგმის საწყისს წარმოადგენს.
22.04.2017
No comments:
Post a Comment