მსახიობის პორტრეტი (ზაზა პაპუაშვილი)
შემოქმედ ადამიანს არასოდეს ასვენებს ნიჭი, მით უფრო, თუ იგი მსახიობია. ეს უხილავი რამ, გაუთვიცნობიერებლად ყოველთვის გთხოვს გამოვლენას და გარკვეულ ასაკში ისე მწიფდება, რომ შენი სულიდან, ორგანიზმიდან გამოღწევას ლამობს. ზაზა პაპუაშვილი, რომელიც დღეს უკვე რუსთაველის თეატრის წამყვანი არტისტია, ამ მხრივ არ ყოფილა გამონაკლისი. მსახიობის არჩევანისას, სრულიად სუბიექტური ვიყავი და ამავდროულად ობიექტურიც, პირველად თავში, რომელმა სახელმა და გვარმაც გაირბინა, ეს იყო ზაზა პაპუაშვილი. ჩემთვის ეს მსახიობი უშრეტი მასალაა ვისაუბრო ჭეშმარიტ შემოქმედზე. საოცარია, მაგრამ ის ბავშვობაში უბრალო თამაშის დროსაც კი, ყოველთვის წარმოსახვით სამყაროს ქმნიდა და მისტიურ-რომანტიულ ვითარებაში გადაყავდა, რეალობას ივიწყებდა და სრულიად სხვაგან, ჩნდებოდა. მისი პირველი კავშირი თეატრთან მეოთხე კლასში ყოფნისას მოხდა, როდესაც ვაჭრობის მუშათა კულტურის სახლიდან მივიდნენ და ბავშვთა დრამატულ წრეში ჩაწერა შესთავაზეს. მაშინ მარჯანიშვილის მსახიობ, ნიკო ქალდანის ხელმძღვანელობით დადგეს ,,ვინ არის დამნაშავე”, სადაც პატარა ზაზა მთავარ როლს ასრულებდა. ამის შემდეგ იყო არტოს ბაღის (ხელმძღვანელი გ.თოდაძე) დრამატული წრე, სპეკტაკლი ,,კატა რომელიც თავის ენაზე საუბრობს”, სადაც ძაღლი ითამაშა. შემდეგ ,,პატარა უფლისწული”. ამ ყველაფრის მერე კი თეატრალურის გამოცდების წინა მოსამზადებელი პერიოდი. იგი ბევრს მუშაობდა საკუთარ თავზე, იწერდა მაგნიტოფონზე მონოლოგებს, მაქსიმალურად ცდილობდა დაეხვეწა ყველაფერი, თუმცა პირველივე ტურში ჩაიჭრა, მაგრამ ეს სრულებიდ არ ყოფილა პესიმიზმის მიზეზი. თეატრთან სიახლოვის სიყვარულმა და მიზნისკენ სწრაფვამ, მიიყვანა რუსთაველის თეატრში სცენის მუშად, შემდეგ მარჯანიშვილში გამნათებლად, ასევე სცენის მუშად თუმანიშვილში, ამავდროულად ემზადება გამოცდებისთვის. შემდეგ წელსაც არ ეყო გამსვლელი ქულა, თუმცა მოულოდნელმა შემთხვევამ შეცვალა სიტუაცია და ჩაჭრილი ბავშვების გარკვეული კატეგორია (24 ქულიანები) ჩარიცხეს. პირველი სემესტრი თავისუფალ მსმენელად დასვეს, ხოლო მეორეში ოფიციალურად გაფორმდა სიაში. ის მოხვდა გორი-ცხინვალის ჯგუფში პედაგოგ: გია ანთაძესთან და გულსუნდა სიხარულიძესთან. სწორედ აქედან იწყება ზაზა პაპუაშვილის არტისტად ჩამოყალიბება. ამ ოთხმა წელმა გადაწყვიტა მსახიობის ბედი. გულსუნდა სიხარულიძის მუშაობის მეთოდი ყველაზე ახლობელი აღმოჩნდა მისთვის. მსახიობი ჩემთან საუბრისას ამბობს, რომ ნებისმიერ როლში უნდა ჩანდეს მისი სული, ნაკეთობა რომელიც მას გავს. იგი არ სწავლობდა ამ პედაგოგებისგან მოჩვენებით არტისტობას, პირიქით, ყველაფერი იყო ნამდვილი, ნაღდი. ის საკუთარ თავს ასახიერებდა. პატარ-პატარა ეტიუდები, რომლებიც მსახიობს საბოლოო ჯამში კრავს, როგორც შემოქმედს, ზაზა პაპუაშვილი 12-14, ხანდახან 18 საათსაც კი მუშაობდა პედაგოგთან ერთად. I კურისის ბოლოს, გამოცდაზე მათ წარადგინეს ეტიუდები, სადაც ისინი გადმოსცემდნენ საკუთარ თავს, რეალობას. მსახიობი ამბობს, რომ ეს იყო ,,ჩვენ და ვითარება”. მაგრამ ეს გამოცდა უბრალოდ გამოცდა არ ყოფილა, მისმა შესრულებამ იმდენად იმოქმედა კომისიაზე, რომ ბატონმა მიშა თუმანიშვილმა დატოვა დარბაზი, (ეს იყო უარყოფითი პოზიციის დაფიქსირება) რაც შოკის მომგვრელი იყო მომავალი მსახიობისათვის. იგი იმდენად დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის საქმეს, რომ ეს ყოველივე უარყოფითად აისახა, მის ემოციურ მდგომარეობაზე. ამ დროს მიხვდა იგი, რომ თეატრი არაა ტაძარი. ამ საშინელმა მდგომარეობამ, მთლიანად მოიცვა ზაზას გონება და სხეული, თუმცა საკუთარი საქმისადმი შემართება არ დაუკარგავს და IV კურსის ბოლოს ითამაშა ლილი იოსელიანთან, შექსპირის ,,ქარიშხალში”. ამ ადამინის შემოქმედებით ცხოვრებაში ბედისწერის საკითხმა დიდი როლი ითამაშა. თეატრალური უნივერსიტეტის (იმ დორს ინსტიტუტის) დამთავრების შემდეგ, იგი მესხეთის თეატრში გაანაწილეს, თუმცა შინაგანმა ხმამ და მეგობრის რჩევამ ის მიიყვანა პროფკავშირების სასახლეში და დააწერინა განცხადება რუსთაველის თეატრიში მსახიობად აყვანის თაობაზე. ამ პერიოდში გიზო ჟორდანია რუსთაველის მცირე სცენაზე რეჟისორია, მას სურს ზაზა პაპუაშვილი დააკავოს თეატრში და ამის თაობაზე რობერტ სტურუასთან შუამდგომლობს. სასწაულია მაგრამ სწორედ ამ დროს, როდესაც ახალგაზრდა შემსრულებელზე საუბრობდნენ რეჟისორები, პროფკავშირების კორიდორში მომავალი ზაზას წინ, გაუქმებული კარი, რომელიც კუბიკებით იყო ამოვსებული, ჩამოიშალა და მის წინ რობერტ სტურუა და გიზო ჟორდანია გამოჩდნენ, ხოლო მსახიობი კი საჭირო დროს, საჭირო ადგილას. პირველი შეხვედრა მსახიობისა და რეჟისორის სწორედ იქ მოხდა. მისი შემოქმედების ხელწერის შტრიხები რეჟისორ გ. ჟორდანიას სპეკტაკლში ,,სამანიშვილის დედინაცვალი” კირილეს როლიდან იწყება (1986-1987წ). 1989 წლის 14 იანვარს, ი. სამსონაძის ,,ბედნიერ ბილეთში” წლის საუკეთესო მსახიობის პრემია მიენიჭა, გიას როლის შესრულებისთვის. ითამაშა კალდერონის ,,ცხოვრება სიზმარია” სეხისმუნდო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სულ რაღაც სამ წელიწადში (1993-1996წ) ასევე მთავარ როლებშია ბ. ბრეხტის ,,სეჩუანელი კეთილი ადამიანი” (მფრინავი), დ. კლიდაშვილის ,,ირინეს ბედნიერება” (აბესალო), შექსპირის ,,მაკბეტი” (მაკბეტი), და გ. რობაქიძის ,,ლამარა” (მინდია). 1986 წლიდან ის უკვე რუსთაველის თეატრის მსახიობია და როგორც უკვე აღვნიშნე, თამაშობს ი. სამსონაძის პიესაში ,,ბედნიერი ბილეთი” გიას როლს. არტისტი აღნიშნავს, რომ ეს გმირი იყო, პირდაპირი გამოძახილი მისი სულიერი მდგომარეობისა, იგი სცენაზე წარმოაჩენდა საკუთარ თავს, თითქოს არც კი იგრძნობოდა, რომ ის თამაშობდა. ,,ბედნიერი ბილეთი” იყო შემოქმედებითი ტრამპლინი. სწორედ აქ იხილა რობერტ სტურუამ ის და დაიწყო მასთან მუშაობა. ამის შემდეგ იყო სპეკტაკლი, რომელმაც პირველად არა საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ მოიპოვა უდიდესი აღიარება. ეს გახლდათ კალდერონის ,,ცხოვრება სიზმარია”. პრემიერა შედგა სევილიის ხელოვნების ფესტივალზე, ლოპე დე ვეგას თეატრში, 1992 წლის 22 ივლისს, ხოლო სამშობლოში 1993 წლის 2 ივლისს. თავდაპირველად ამ როლს ზურა ყიფშიძე ასრულებდა, ზაზა კი მისი დუბლი იყო, ხოლო შემდეგ კი მოხდა მისი დამტკიცება. იმდროინდელი ჟურნალ-გაზეთები იუწყებიან, რომ დამაჯერებელი და ემოციურია ზაზა პაპუაშვილის სხეისმუნდო. თავად ზურა ყიფშიძე ამბობდა, რომ მას ჰყავდა ნიჭიერი დუბლიორი. შემდგომ, როდესაც მსახიობი მთავარ შემსრულებლად დაამტკიცეს, თეატრალური კრიტიკა, ხასზგასმით აღნიშნავს მსახიობის შემოქმედებით წარმატებას. მოგვიანებით დადგმული სპეკტაკლი ,,გოდოს მოლოდინი “, რომელიც ახლახანს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრმაც დადგა, სამუელ ბეკეტის პიესის მიხედვით შეიქმნა, მაშინ ამ წარმოდგენას ,,ფილოსოფიური კლოუნადა” უწოდეს, ის აბსურდის თეატრია, ამ დადგმაში არაა საუბარი ადამიანის ნიჭსა თუ ცხოვრებისეულ შესაძლებლობებზე, პირიქით აქ ვგრძნობთ ადამიანის მარტოსულობას, რომ ის სამყაროში მარტოხელაა. ,,გოდოს მოლოდინში” მსახიობმა ესტრაგონის როლი ითამაშა. მის შესრულებასა და მთლიანად წარმოდგენას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
,,არასოდეს მქონია აკვიატებული როლი” ამბობს არტისტი. მაყურებლით გადაჭედილ დარბაზში თუ, პარტერში აქა-იქ მსხდომი პუბლიკის დროსაც კი იგი, ბოლომდე იხარჯება, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა გარემოებას, ზაზა პაპუაშვილი არასოდეს ღალატობს პროფესიას და აბსოლიტურად კეთილსინდისიერია აუდიტორიის წინაშე. თავადაც ამბობს, რომ როცა ის ხედავდა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას მსახიობისას პროფესიია და ხალხის მიმართ, ეს მასში გაღიზიანებას იწვევდა. ალბათ ამიტომ ბუნება მას უხვად აჯილდოვებს საუკეთესო როლებით, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ეს არ არის მხოლოდ ღვთის წყალობა, ყოველი მხატვრული სახის უკან, იმალება დაუღალავი შრომა, სიყვარული და ერთგულება საკუთარი საქმისადმი. ყოველთვის როდესაც, ზაზა პაპუაშვილს ვხედავთ სცენაზე, ჩვენ არა მარტო მსახიობის ოსტატობასა და შემოქმედებას ვუყურებთ, არამედ ვგრძნობთ რეჟისორისა და არტისტის ერთიანობას. ორი მაღალი რანგის პროფესიონალის ურთიერთშეთახმება კარგად ჩანს მაყურებლის წინაშე. თავად მსახიობი ამბობს, რომ ბიძგი მოდის რეჟისორისგან, მათი იდეების თანხვერდა და გაზიარება ხდება და ასე იძერწება ესა თუ ის როლი. მათ ერთი სასაუბრო ენა აქვთ. კარგი რეჟისორი ყოველთვის უსმენს მსახიობს და პირიქით, არც ერთი მათგანი არ ზღუდავს ერთი-მეორეს, ამიტომ მსახიობი თავისუფალია თავის შემოქმედებაში, ისევე როგორც რეჟისორი. დიდი შრომის და მიზანდასახულობის შედეგად, ზაზა პაპუაშვილი, იმ მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც აქვთ უნარი, მონუსხონ მაყურებელი, სწორად მიმართონ მთელი თავისი შემოქმედებითი ენერგია და საპასუხოდ იგივე მიიღონ. არტისტის თქმით, თამაშის დროს უნდა განიცადო სიამოვნება, აუცილებელია გადააბიჯო იმ არ არსებულ ჯერბირს, რომელიც საშუალებას გაძლევს დატოვო ეს სივრცე და მთელი არსით გადახვიდე სცენაზე წარმოჩენილ სამყაროში. მსახიობი აღნიშნავს, რომ ვიდრე ამ ეტაპამდე მივა, აწვალებს შინაგანად ეს მდგომარეობა და ხანდახან რამოდენიმე სცენა, ან ერთი აქტიც კი სჭირდება იმისათვის რომ მთლიანად შევიდეს როლში. მაგრამ ეს იცის მხოლოდ მან, ამას არასოდეს აგრძნობინებს პუბლიკას. აბსოლიტუირად ობიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ მსაგავსი რამ პირადად მე არ მიგრძვნია, არც არავისგან მსმენია-ზაზა ხელოვნური იყოო. ძნელია მისი შემოქმედებიდან გამოვყო ერთი რომელიმე გამორჩეული როლი, იგი არაჩვეულებრივად ახერხებს ერთდოულად იყოს, დატყვევებული სეხისმუნდო, ,,შემოდგომის აზნაური” კირილე, მალვოლიო, ყოფნა არ ყოფნით დამწუხებული ჰამლეტი, ბიდერმანი და სხვა. მასზე უამრავი წერილი და სტატიაა გამოქვეყნებულა, მე კი ჩემის მხივ ვეცდები, გამოვყო იგი, რამოდენიმე კონტრასტულ როლში. შექსპირის პიესა ,,მეთორმეტე ღამე”, არაერთ ქვეყანაში დადგმულა მათ შორის საქართველოშიც. 2001 წლის 2 თებერვალს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე შედგა პრემიერა სტურუასეული ,,შობის მეთორმეტე ღამის”, რომელიც დღემდე თეატრის რეპერტუარშია. არაერთხელ გავმხდარვარ მომსწრე ზაზა პაუაშვილის ნიჭიერებისა, გამონაკლისი არც ახლა მომხადარა. პიესის პერსონაჟი და სცენაზე წარმოდგენილი გმირი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, მეტიც მსახიობი მალვოლიოს სახეს, თავისი ხელწერით უკეთ გვიხსნის. იგი თავდაჯერებული და ,,საქმიანია”, რომლის იდეაფიქსია სარფიანი ქორწინებით მოიპოვოს სახელი, ძალაუფლება, თუმცა ილუზიებით შეპყობილს, გარშემომყოფნი აბითურებენ და მწარე რეალობასთან ერთად ,,საჩუქრად” დაცინვას უგზავნიან. ზურგს უკან მას ,,სასახლის კრუხს, ენატანია საფრთხობელას” ეძახიან. არაჩვეულებრივია მიმიკური გამოხატვა ზაზასეული მალვოლიოსი, ის მაყურებელს აცინებს, აფიქრებს, ერთგავრად ახლობელს ხდის. მსახიობსა და მაყურებელს შროის ,,დიალოგიც” კი იმართება. ის არაა გათიშული პუბლიკისაგან, პირიქით, უფრო და უფრო აქტურად შედის ურთიერთობაში, ითრევს მათ, დამეთანხმებით ყველა არტისტს ამის უნარი არ შესწევს. მალვოლიო უბრალო მსახური, ლაქიაა, რომელიც საბოლოოდ კომიკური პერსონაჟიდან, შესაძლოა საკმაოდ დესპოტ არსებად იქცეს. იგი დამცირებული, მოტყუებული და გაბითურებულია, ასეთია შექსპირის ზაზასეული მალვოლიო. მსახიობი თავისი შესრულებით, მაყურებელში მისი გმირისადმი თანაგრძნობას ბადებს. როგორც ჩანს არტისტი კარგად იცნობს საკუთარ როლს, ის გარდასახულია მასში და სცენაზე წარმოგვჩენს პერსონაჟის ინტერესებს, მიზნებს და საბოლოო შედეგს. თითოეული ეპიზოდი აღსავსეა მოლოდინით, მაყურებელი ელოდება მოქმედების განვითარებას, ამ ყველაფერს თან ახლავს დროულად წარმართვა სიტუაციის. არტისტი ითრევს აუდიტორიას მის სამყაროში. მინდა გავიხსენო II მოქმედების სცენა, სადაც ჩვენ უკვე ვხედავთ მოტყუებლ მალვოლიოს, მაგრამ ჯერ ამის შესახებ მან არაფერი იცის. ღიმილი რომელიც მსახიობს უთამაშებს სახეზე, კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს რომ, ის მინის ყუთში ცხოვრობს, თითქოს ყველაფერს ხედავს მაგრამ ამავდროულად ბრმაა, ვერ აბიჯებს შუშის კედელს რათა შევიდეს რეალობაში. საკმარისია გავიხსენოთ ზაზა პაპუაშვილის სხვა როლები (ჰამლეტი, კირილე და ა.შ) მაშინვე მივხდებით, თუ როგორ თავისებურად ერგება ის ყველა სხვა პერსონაჟს, ისე რომ არ კარგავს თავის ხელწერას, ამავდროულად არ იშტამპება და ბადებს ახალს. ყველაფერს რასაც ის ხალხს ანახებს ძირეულად მისია და ინდივიდუალური. არტისტი მთელი თავისი შემოქმედებით, ნიჭით, უამრავ მხატვრულ სახეს ქმნის და ვხედავთ: მეოცნებე, ამაყ, მიზანსწრაფულ, მოტყუებულ და დამცირებულ მალვოლიოს, რომელიც თანდათან პატარავდება. კოსტიუმის ჭრელი ფერები, ყვითელი წინდები და გრიმი, (შეუბლზე ოლივიას სახელი, ლოყებზე ჯვარედინად გადახაზული გულები) იმდენად ორგანულია, რომ პირდაპირ მეტყველებს გმირის ხასიათზე. იგი სასაცილო და საბრალოცაა. შესრულების გამორჩებული მანერა, გაწელილი ფრაზები, სხეულის მოქმედება და ჟესტიკულაცია, ვერბალურად გამოთქმული აზრის საბოლოო შეფუთვაა. მსახიობის მიერ შექმნილი ყველა როლი, იბადება დაუგეგმავად. სწორედ ასე მოხდა ბოლო სცენაშიც, როდესაც გაგიჟებული მალვოლიო ფარშევანგით შემოჰყავთ, ის წამღერებით იძახის ,,მოდით და გამიპეთ ეს გული”, ეს მანერა კი სრულიად შემთხვევითმა სიტუაციამ დაბადა. არტისტი ამბობს: როდესაც ამ სცენას გავდიოდით, თეატრში შუქი რამოდენიმეჯერ ჩაქრა, როცა ვიტყოდი ,,მოდით” სწორედ ამ დროს ითიშებოდა სინათლე ამიტომ ამის თქმა, რამდენჯერმე მომიწიაო, სწორედ ამ დროს როცა ის გაჩერებული იყო ამ ადგილას, როგორც თავად თქვა ,,ვგლახაობდი”-ო, დავიწყე სიმღერა ამ ტექსტით და როკის ჟანრში გადავიტანეო. რომებრტ სტურუამ ეს ყველაფერი გამოიყენა და განახლებულ რეპეტიციაზე, ზუსტად ასე ჩასვა ამ სცენაში, ზაზა პაპუაშვილის მიერ წამღერებული ტექსტი. აი კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ იცნობს რეჟისორი მსახიობს. მათთვის სრულიად ზედმეტია რაიმეს ახსნა, ისინი უსიტყვოდ უგებენ ერთმანეთს.
განსხვავებით მალვოლიოს კომიკური გმირისგან, სულ სხვა სახეს ქმნის მსახიობი, შექსპირის ,,ჰამლეტში”. ორიგინალური დადგმა მაყურებელმა 2001 წელს იხილა, შექსპირი თავისი მარადიული თემებით, პრობლემებითა და ადამიანის ამოცნობით კვალ ჩვენს წინაშე წარსდგა, მისი ,,ჰამლეტი” თითოეული ადამიანის გამოძახილია, ყველს ძალუძს მასში საკუთარი მეს აღმოჩენა. ყოფნა არ ყოფნის თემატიკამ კიდევ ერთხელ გაიჟღერა. რეჟისორმა რობერტ სტურუამ კი ზაზა პაპუაშვილის მეშვეობით ჰამლეტის უჩვეულო სახე წარმოგვიდგინა. პაპუაშვილის ჰამლეტი ,,უცოდველი კრავია”, როელსაც განგებამ არგუნა სამართლიანობის აღზევება, რომ ,,დამპალ დანიაში” კვალ იზეიმოს სიმართლემ. ჩაფიქრებული გმირი მაყურებლის წინაშე მონოტონურად, მდუმარედ ჩნდება. სასკოლო ზურგჩანთა, რომლიც მხარზე გადაუკიდია, გვიტოვებს შეგრძნებას, თითქოს ის ერთ დღეში გაიზარდა. დამთავრდა ბავშვობა, ახლა მან ქვეყნის საჭირბოროტო საქმეებზე უნდა იზრუნოს და ყველაფერს ნათელი მოჰფინოს. ირონიული დამოკიდებულება, ეჭვით აღსავსე თავლები, უფრო მძაფრდება, როდესაც სცენაზე აჩრდილი, ჯოჯოხეთური არსება ჩნდება. რობერტ სტურუას ეს დადგმა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ჩვენ ყველას გვყავს საკუთარი აჩრდილი, იქნებ მამის სახით მოსული ,,ზმანება” სრულებითაც არაა სული გარდაცლილი მეფისა და უბრალოდ ჰამლეტის შინაგანი სამყაროს გამოძახლია (აჩრდილია). რეჟისორს არ დაჭირვებია პერსონაჟების სარკესთან დასმა, როგორც ეს იყო გამოყენებული კორშუნოვას ,,ჰამლეტში”, ყველაფერი ამ ხერხის გარეშეც ნათელია, გასული საუკუნის მარჯანიშვილისეულ დადგმაში კი პირიქით, იგი არ იყო მოჩვენბა, ის ნამდვილი ადამიანის სახით წარსდგა შვილის წინაშე, ყოველგვარი ,,იმქვეყნიურობის” გარეშე. ეჭვები ქრება, ჰამლეტი იწყებს ფიქრს შურიძიებაზე, რათა მამის ხსოვნას მიაგოს პატივი, დასაჯოს ის ვინც შეაგინა მშობლის სარეცელი და ასე უდროოდ სიცოცხლეს გამოასლმა დანიის მეფე. მსახიობი მთელი თავისი არსებით გვიხატავს: დინჯ, ჩაფიქრებულ, უსაზღვროდ ღრმა, დიდი ტკივილის მატარებელ პიროვნებას. მისი შემოსვლას ავისმომასწავებელი სიჩუმე სდევს თან, დიდი პაუზა... უსიტყვოდ ზაზა პაპუაშვილი, თვალებითა და მიმიკით სრულიად გასაგებს ხდის სულიერ მდგომარეობას. იგი გზაარეულია, სწორედ ამ დროს არის ის ნამდვილი ჰამლეტი, ფიქრებში გარდასახული უტყვი და დამწუხრებულია, ზუსტად განიცდის იმას რასაც ამბობს. მეტყველება ,,მშვიდი” და მელანქოლიურია, თეთრი ცხვირსახოცი, თითის ტრიალი სიმბოლოა შემდგომში განვითარებული მოვლენებისა. ჰალმეტი არარსებულ ენაზე, უაზრო სიტყვების გამოთქმით ესაუბრება დედას და ახლად შეძენილ ,,მამას”, მათ კი ისევე არ ესმით მისი, როგოც ამ უაზრო სიტყვების მნიშვნელობისა. მოქმედების განვითარებასთან ერთად ვხვდებით, როგორი მეტამორფოზა ხდება ადამიანის. ის უღრმავდება საკუთარ თავს და გარშემომყოფ ადამიანებს. რისთვის გამოჩნდა აჩრდილი? ის ნამდვილად გარდაცვლილი მეფის სულია თუ ეშმაკის ზმანება?! ან რატომ მიუჩინა ეჭვის ჭია ისედაც დამწუხრებულ შვილს? როგორი უსუსურია ჰამლეტი მამის აჩრდილთან, მსახიობი ჩვენს წინ აცოცხლებს პატარა დაუცველ ბავშვს, რომელიც ცდილობს მშობლის კალთას ამოეფაროს, არადა როგორი ძლიერია, მართალი და სასოწარკვეთილი. ჰამლეტი მსხვერპლია, ის გიჟდება და ეწირება ამ ყოველივეს. მისი მთავარი საფიქრალი ახლა არის დაადგინოს ჭეშმარიტება და დასაჯოს დამნაშავენი. ბიძა რომელმაც მზაკვრულად გამოასალმა საკუთარი ძმა სიცოცხლეს, ესეც არ აკმარა და მისი სარეცელი შეურაცხჰყო და ცოლად მისივე რძალი გერტრუდა (ნინო კასრაძე) შეირთო. სიცოცხლესა და ძალაუფლებასთან ერთად მან ყველაზე ძვირფასი, მეუღლე წაართვა დანიის მეფეს. ყალბი და ფარისევლურია დედის გლოვა, აი რა აგიჟებს ჰამლეტს. ის თვალებში უყურებს ბოროტებას, რომლიც უკან ერთი წამითაც არ იხევს, მეტიც სადაცაა ძირს საბოლოოდ გამოუთხრის. ,,სიტყვებს, სიტყვებს, სიტყვებს” ამბობს ჰამლეტი, მაგრამ ამავდროულად ხვდება რომ მათ ძალა დაკარგეს, საჭიროა მოქმედება. შემაძრწუნებელია ზაზასეული ჰამლეტის მონოლოგი: ,,რად არ მეშლება ეს სხეული ესრედ მაგარი” ვხედვათ მარტოსულ, უსუსურ ადამიანს, რომლიც გაურკვევლობაშია, მაგრამ საბოლოოდ მოიკრებს ძალას რათა აღასრულოს თავისი ვალი. ბოროტმა ძალებმა წაართვეს სიყვარული, მშვენიერი ოფელია (ია სუხიტაშვილი) მეტიც, ის ვინც ყველაზე მეტად უყვარდა, ყველაზე მეტი ტკივილი მიაყენა, ,,სასახლის ვირთხის” პოლონიუსის სიკვდილი, მიზეზი გახდა ამ სიყვარულის საბოლოო დაღუპვის. საბოლოოდ ყველა შედის ცოდვის მორევში ისე ღრმად რომ, სიკვდილი მათთვის ახლა ნეტარებას უფრო ჰგავს, ვიდრე ტკივილს. სიმართლე წყურია ჰალეტის. სპეკტაკლის მანძილზე ჩვენს წინ მხასიობი უამრავ სახეს წარმოაჩენს: ჰამლეტი-მოთამაშე, ჰამლეტი-გიჟი, ჰამლეტი-შეყვარებული, შეურაწყოფილი, სიმართლის მაძიებელი, ბავშვური, (რომლიც მისტირს მამას). საბოლოოდ ის ხდება მკვლელი, დაუნდობელი, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც აღასრულებს მამასთან დადებულ პირობას, მან ყველას გამოუტანა საბოლოო განაჩენი. სიკვდილისას ის გულჩვილია. ემოციურია თხოვნა ჰორაციოსადმი, გააგებინოს ყველას მისი ამბავი. მაყურებელში ცრემლს იწვევს მსახიობის მიერ წარმოთქმული სიტყვები, და ბოლოს ვხედავთ მკვდარ ჰამლეტს, უძრავად მყოფს ჩვენს წინაშე. მთელი ამ სამ საათნახევრიანი წარმოდგენის მანძილზე, არც ერთი წამით არ გამჩენია შეგრძნება სიყალბისა, ჩემს წინ ნამდვილი ჰამლეტი იდგა, იმ დროს, სრულიად სხვა სამყაროში აღმოჩენილი ვგრძნობდი, რომ მსახიობი იმ წუთს არა ზაზა პაპუაშვილი არამედ, ,,ქართველი ჰამლეტი” იყო, მთელი თავისი ტკივილით ჩვენს წინაშე. მისთვის დამახასითებელი ჟესტიკულაცია, პლასტიკა, მიმიკა, შესრულების მანერა, კლასიკურ პიესას უფრო მეტად ამძაფრებს და ემოციუობას მატებს. აბსოლიტურად მისია თითოეული ქმედება, ორგანული და ძალზედ ბუნებრივი, იგი იმდენად ღრმად არის როლში შესული, რომ არტისტის მიერ წარმოთმული ფრაზები უბრალოდ, ტექსტის ზედმიწევნით თხრობა კი არაა, პირიქით მისი სულიდან და გულიდან წამოსულია ეს ყველაფერი. ამიტომ არც ერთი წამით არ მრჩება შეგრძნება, რომ იგი უბრალოდ გაზუთხულ წინადადებებს გადმომცემს. მისი მოქმედება გაჟღენთილია უსაზღვრო სევდით, ეჭვით, ტკივილით და პროტესტით, უსამრთლო სამყაროსადმი. თავად მსახიობი ამბობს: როდესაც ამ როლზე ვმუშაობდი გამიჩნდა კითხვა, რა არის ეს ყოფნა არ ყოფნა? ის ხომ ერთი შეხედვით უბრალო სიტყვებია, რა იქნება, რომ შებრუნდეს ჰამლეტი და დაწვას ეს ფურცელი, (სადაც ეს მონოლიგია დაწერილი), რობერტ სტურუამ კი უთხრა: რატომ უნდა შებრუნდე, პირდაპირ ხალხის თავლწინ დაწვი-ო. რამედნი რამ არ შეცვალეს ამ სპეკტაკლში, ტემპი, კოსტუმები, მაგრამ ბოლოს მაინც ,,დამწვარი” ,,ყოფნა არ ყოფნა” წარმოაჩინეს ჩვენს წინ, ეს ყოველივე კი უკვე არ ყოფნას ნიშნავს. ეს სცენა არავითარ სპეც ეფექტებზე არაა დამყარებული, უბრალოდ ჰამლეტი წვავს ყველას წინაშე ამ მონოლოგს, ეს კი იმდენად ეფექტურია, რომ ალბათ სხვა ვერცერთი ხერხი იქნებოდა ასე წარმატებული, ის ამაღლებს ამ სცენას და არაფრის თქმა აღარ ხდება საჭირო ჩვენთვის, იგივე ადგილი მარჯანიშვილთან მეორე აქტში იყო გადმოტანილი და სამლოცველოში ,,ყოფნა-არყოფნის” მონოლოგით იწყებოდა. ზაზა პაპუაშვილი ამბობს, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის მით მეტად ახლობელი ხდება მისთვის ეს როლი: ,,ბოლო სამი წელია რაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს მისი თამაში” თითქოს ნელ-ნელა უკეთ ხსნის ამ გმირის სახეს, მეტად იძირება მასში, ცხოვრებისეულ სიბრძნესთან ერთად ბრძენდება ზაზასეული ჰამლეტი და სრულიად ითავისებს მას. ამ სპეკტაკლის ხილვისას მსახიობი გვაგრძნობინებს რომ მოქმედება საქრთველოში ხდება, სცენა, სადაც ის შალახოს ელემენტებს ცეკვავს აბსოლიტურად მისია, მსახიობის თქმით, უნდა იგრძნობოდეს მისი ჯიში, ის ქართველია. მთლიანად მორგებული ქართულ სინამდვილეს. ამ კუთხით მინდა გავიხსენო მარჯანიშვილისეული ,,ჰამლეტის” სასაფლაოს სცენა, სტურუასეულ დადგმას: ,, ... ალბათ შინაგანი ინტუიციით, რომელმაც დაძაბულობის ,,განმუხტვის” აუცილებლობა უკარნახა მარჯანიშვილს, რეჟისორს შემოაქვს კომიკური ელემენტი- მესაფლავეთა დიალოგი, მესაფლავეთაგან ერთი იმერელია (შ. ღამბაშიძე), მეორე კი ქართლელი (ვ. გოძიაშვილი).” (1) ამ ხერხს მხოლოდ სიტუაციის განმუხტვა როდი უდევს საფუძვლად, ის პირდაპირ და მაკფიოდ უსვამს ხაზს ეროვნულობის იდეას, რომ მოქმედება საქართველოში თამაშდება! თავად მსახიობი პოლონურ გაზეთ ,,Gაზეტა წყბორცზა”-სთან ინტერვიუში ამბობს: ,,ეს როლი არ მზადდება ჯილდოზე ფიქრით, ეს უბრალოდ ბედია. მასზე მუშაობა გულის სიღრმეში საკუთარი თავის პოვნას ნიშნავს, ამიტომ როდესაც მსახიობი ჰამლეტს თამაშობს და დგას სცენაზე, მის თვალებში ნამდვილი ემოცია და ჯაფა უნდა იკითხებოდეს. ... ამ როლს გარკვეული სახით, ყოველთვის მოაქვს განვლილი ცხოვრების ანალიზი, შესაძლებლობა იპოვო საკუთარი თავი, თუ შეძლებ გადმოსცე ის რასაც ეს გმირი გრძნობს, შეგიძლია ჩათვალო, რომ შეძელი ადამიანთან ,,შეხება”, მანცვიფრებს ამ ტრაგედიეს აქტუალურობა, რომელიც ისევე როგორც ცხოვრებაში, არ არსებობს მოქმედების ტრაექტორიის მაჩვენებელი ადვილი რეცეპტი, თუ რატომ გავჩნდით ამ ქვეყანაზე და რა არის ჩვენი მიზანი.”(2) საინტერესო მხატვრულ სახეს ქმნის ზაზა პაპუაშვილი 2006 წელს სტურუას მიერ დადგმულ ,,დარისპანის გასაჭირში”. მსახიობი ირონიულად გვესაუბრება მის გმირზე და ზოგადად პერსონაჟების ყოფაზე. მშიერი კუჭი, ტვირთი ქალიშვილის სახით, ეს ის პრობლემაა, რომლის გადაწყვეტა მთავარი საზრუნავია დარისპანისათვის. მსახიობი ვირტუოზულად განასახიერებს მის როლს, მრავალფეროვანია მისი შესრულების მანერაც. ,, ...მისი დარისპანი არ ჰგავს აქამდე შესრულებულ არც ერთ დარისპანს. მსახიობი როლს ერთი მხრივ თავის თავთან აიგივებს და ამავე დროს, ირონიულად აკვირდება გვერდიდან, როგორც გაუცხოების ეფექტის ობიექტს. მისი საცეკვაო გამოსვლები კაროჟნასთან, მართასთან... გადაწყვეტილია არა მხოლოდ ხასიათისა და საზრისის ნიშნით, არამედ სანახაობრივი თვალსაზრისითაც შესრულებულია უმაღლეს დონეზე.”(3) ახლო წარსულში, 2009 წლის 7 ოქტომბერს რუსთაველის დიდმა სცენამ ახალი პრემიერა შესთავაზა მაყურებელს ,,ბიდერმანი და ცეცხლის წამკიდებელნი”. მაქს ფრიშის ეს პიესა, რობერტ სტურუამ სრულიად თანამედროვე ჭრილში წარმოგვიდგინა. გია ყანჩელის მუსიკამ, გოგი ალექსი- მესხიშვილის მხატვრობამ და კოტე ფურცელაძის ქორეოგრაფიამ, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თეატრალური ხელოვნების სინთეზურობას. ამ სპეკტაკლში კარგად იგრძნობა რეჟისორისა და შემოქმედებითი ჯგუფის ერთობლიობა. თანამედროვე დეკორაცია, სცენზაე მდგარი ბატუტი, ბოლო სცენაში ცეცხლის იმიტაცია, საკმაოდ ეფექტურია და ვიზუალური თავლსაზრისით მაღალ დონეზე გაკეთებული, თუმცა ეს წარმოდგენა არ ეყრდნობა მხოლოდ გარეგან ეფექტებს, ყველაფერთან ერთად სტურუასეული ტრადიციისამებრ, ის ღრმა საზრისის მქონეა და გვესაუბრება შიშზე (რომელიც სპეკტაკლს საფუძვლად უდევს), როგორც ზოგადსაკაცობრიო პრობლემაზე. ეს ხომ ის გრძნობაა, რომელიც ბინდავს ადამიანის მთელ გონებას და აგონიაში აგდებს, ხდის უკონტროლოს და აკეთებინებს არაადეკვატურ, სურვილის საწინააღმდეგო ქმედებას. ზაზასეული ბიდერმანი ერთი უბრალო ადამიანია, რომელიც ზოგადსაკაცობრიო თემებზე პირადი ტრაგედიით გვესაუბრება. იმისდა მიუხედავად, რომ მას განგებამ საკმაოდ კარგი ეკონომიური მდგომარება არგუნა, წინაპრების მიერ დატოვებული დიდძალი ქონებით, ის ყაჩაღურ გარემოცვაშია, ცდილობს სირაქლემას პოზიციაში ყოფნას, მაგრამ საბოლოოდ პრობლემა, რასაც თავად გაურბის მასაც მიუკაკუნებს. ცხოვრებამ ის შეცვალა და კლოუნად აქცია, რომელიც სპეკტაკლის ბოლოს თხოვს ცეცხლის წამკიდებლებს, რომ მისცენ უფლება, საკუთარი ხელით დაწვას სახლი სადაც იგი დაიბადა, გაიზარდა და იცხოვრა. თუ კი ჰამლეტში რეჟისორი ყოფნას წვავს, აქ ყოფა იწვება ჩვენს წინაშე. სპეკტაკლი იწყებს ქოროს შემოსვლით სცენაზე, რომელიც ხალხის ხმას წარმოადგებს, ის საღი აზრის სიმბოლოა. მინდა პარალელი გავავლო ,,დარისპანის გასაჭირთან”. ,, სპეკტაკლის ერთგვარ, ,,ქოროს,, ფუნქციას ატარებს მშენებელ ხელოსანთა ჯგუფი (ზაზა ბარათაშვილი, პაატა გულიაშვილი, მამუკა ლორია, ნიკოლოზ ქაცარიძე), წარმოდგენის ,,უტყვი მასოვკა”, რომელიც თავისი მოძრაობით, სცენის სხვადასხვა ნაწილში გადაადგილდებით, ფონის საზრისის ზოგად ფრაგმენტს ქმნის. ისინი ,,რაღაცას” აშენებენ, თუ არემონტებენ... ეკლესიაც ცელოფნის მანდილშია გახვეული და სხვადასხვა საგნების, ადამიანებსაც კი, დროდადრო ცელოფანს აფარებენ. ცელოფნის არსებობას ერთგვარი სემანტიკა შემოაქვს სპეკტაკლში: დროებითის, არაღიარებულის, აიფფასიანის, ხელოვნურის, მოუწყობლის, დისკომფორტის, ანუ გვახსენებს ჩვენი ქვეყნის თანამედროვე, ზოგად სახეს, რომელიც დაუსრულებელ მშენებლობაშია”.(4) ბიდერმანის მსგავსად, აქაც ჭეშმარიტების მღაღადებლად გვევლინება ქორო. სცენაზე გამოდის ზაზა ცეცხლით ხელში, ქოლგით და კლოუნის ფორმაში გამოწყობილი. საოცარია მისი ცეკვა და სახის მიმიკა მომსამსახურე ანნასთან (ია სუხიტაშვილი). ტექსტის სწორ ინტონაციას და ემოციის ზუსტ განაწილებას, მაყურებელი გადაყავს სრულიად ახალ სამყაროში, ეს ზაზასეული ,,რეალური ირეალობაა”… და მთელი ერთი მოქმედების მანძილზე ჩვენ სხვა გარემოში გადავინაცვლებთ. სპეკტაკლის რიტმი აჩქარებულია, ამიტომ პუბლიკა მიყვება ამ ტემპს. პაპუაშვილის ბიდერმანი, ერთი შეხედვით სასაცილო, საყვარელი ადამიანია, რომელსაც არ სურს ზიანი მიაყენოს ვინემს, ,,ზეფთან” (ბესო ზანგური) საუბრის დროს, როცა ის თმას ჭრის, სრულიად გულახდილი და მართალი გმირია ჩვენს წინ, მაგრამ სპეკტაკლის მსვლელობისას გვესმის ფრაზა ,,ჩვენ ყველას ჩამოვახჩობთ”, ბიდერმანი ,,დესპოტი” ხდება. საინტერესოა ამ გმირის გარდასახვა სცენაზე და შემსრულებლისეული წარმოჩინება. კოსტიუმი, რომელიც არტისტს აცვია, სრულ ერთიანობაშია როგორც, ზაზა პაპუაშვილის მიერ განსახიერებული პერსონაჟის ხაიათთან, ისე სცენურ გაფორმებასთან, ეს კი ყველაზე კარგად იგრძნობა მაშინ, როდესაც ის ითხოვს ,,სახლში მაინც დაასვენონ”. შესრულების ხერხები, მანერა, მეტყველება, ჟესტიკულაცია განსხვავებულია ჩემს მიერ ჩამოთვლილი წინა როლებისაგან, თუმცა აბსოლიტურად თვითმყოფადი და ზაზასეული. თითოეულ მის მიერ განსახიერებულ გმირს, აქვს მსახიობის ხელწერა, ის არავის ჰგავს, ინდივიდუალურია. მე მინდა გავიხსენო მისი მოსამსახურე ანნასადმი მიმართვა, ,, ო ანნა, ანნა, ანნა” სახელის წარმოთქმის დროს ზაზა პაპუაშვილი ბუნერივად, მაღალ რეგისტრში ამბობს და თანხმოვან ბგერებზე ჩერდება. ეს ხერხია, რომელიც ახალია, მისეული და ორიგინალური. სახის მიმიკა და სხეულის მოძრაობა კიდევ უფრო გამოკვეთს ამ გმირს. ბიდერმანი ჩვენს წინ სხვადასხვანაირად ჩნდება: თითქოს ლაღი, უზრუნველყოფილი, მერყევი, მშიშარა, საბოლოოდ კი სრულიად გაგიჟებული გარემო პირობებისგან. შთამბეჭდავია სადილის სცენა, მეუღლესთან ერთად (ნინო კასრაძე) ის ხალათშია გამოწყობილი, და სრულიად არ არის ლოცვის ხასიათზე, მაგრამ ცოლის დაჟინებული მოთხოვნით, იგი ჩვენს წინ მოჩვნებითად აკეთებს ამ ყოველივეს. ზაზასეული ბიდერმანი ამ დროს სასაცილო და ბავშვურია. ცხოველური საწყისის წარმოჩინება მაგიდაზე, სადაც ისინი სადილობენ საინტერესოა, ეს არაა უბრალოდ ალერსის იმიტაცია. ზაზასეული გმირი ეჭვებშია, შიშში, რა ქნას ბიდერმანმა? როგორ მოიშოროს ცეცხლის წამკიდებლები? ის დამონებულ ვითარებაშია. მაღალ დონეზეა შესრულებული სცენა, სადაც იგი მღერის ,, მდიდრები და ღარიბები ერთად იცხოვრებენ”. გამოკვეთილი სიტყვები და გაწელილი ფრაზები კიდევ უფრო ეფექტურს ხდის მონოლოგებსა თუ დიალოგებს. ბიდერმანის სახლი უნდა დაიწვას. ბოლო სცენაში ის და მისი მეუღლე სამარეში ერთად წვანან და იქიდან საუბრობენ, ისინი იძულებულნი არიან თავად დაწვან საკუთარი სახლი და ეს არ არის მხოლოდ მათი პრობლემა, ყოველივე ზოგადსაკაცობრიოა. იგი ვინც ყველაზე მეტად ებრძვოდა და გაურბოდა ცეცხლის წამკიდებლებს, ახლა მათ შეუერთდა. ,, ვინ უნდა დაწვას ჩემი სახლი?, ვინ?, ნუთუ არ მაქვს უფლება ცეცხლი წავუკიდო სახლს, სადაც დავიბადე”. მშვიდ და ,,ბედნიერ” ცხოვრებას ცვლის ხანძარი, ,,ჯოჯოხეთი”. შიში იპყრობს ბიდერმანს, რის გამოც ხდება ყოველივე და საბოლოოდ ეწირება. ადამიანი ფსიქოლოგიურად, სულიერად და მორალურად ნელ-ნელა იშლება ჩვენს წინაშე და მიდის ყელაფრის უარყოფამდე. ეს სპეკტაკლი (და არა მხოლოდ ) რამდენჯერმე ვიხილე, სრულიადაც არ ვარ სუბიექტური, როცა ვამბობ, რომ არტისტი ყოველთვის ბოლომდე იხარჯება, იგი მთელ თავის შემოქმედებით უნარს და ემოციას არ იშურებს მაყურებლისათვის, ამიტომ ვისაც კი ერთხელ მაინც უნახავს პაპუაშვილის რომელიმე როლი, აუცილებლად დამეთანხმება ამაში. გარდა ამ როლებისა, ზაზა პაპუაშვილს ნათამაშები აქვს კლავდიუსი (,,ჰამლეტი”), მასხარა (,,მეფე ლირი”), აინგ ზუნი (,,სეჩუანელი კეთილი ადამიანი”), აბესალო (,,ირინეს ბედნიერება”), მაკბეტი (,,მაკბეტი”), სევდიანი უცნობი (,,ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი”), პანტალონე (,,ქალი-გველი”), ბაჩა (,,მერე რა რომ სველია, სველი იასამანი”), ვოვა (,,ამაღამ, მგონი იქნება ქარი”), კირილე მიმინოშვილი (,,სამანიშვილის დედინაცვალი”). თეატრის ბრძანებაში ვკითხულობთ: ,, 1989 წლის 29 დეკემბერს, სპეკტაკლში ,,ამაღამ, იქნება მგონი ქარი” მსახიობ ირაკლი მაჭარაშვილის ავადმყოფობის გამო, საშა სტამენსკინის როლზე მოულოდნელად შევიდა მსახიობი ზაზა პაპუაშვილი, რომელმაც ორიოდე რეპეტიციით შეძლო მასზე დაკისრებული მისიის შესრულება, რის გამოც ზ. პაპუაშვილს გამოეცხადოს მადლობა” 09. 01. 1990 წელი. ეს პატარა ბრძანება სრულიად საკმარისია, გავიზაროთ და მივხვდეთ ადამიანის დამოკიდებულებას საკუთარი პროფესიისადმი. ალბათ თითოეული თეატრმცოდნისათვის ბედნიერბაა, გხვდეს წილად ასეთ არტისტზე საუბარი, მისი შემოქმედების აღწერა და შეფასება. ძალიან ბევრი ფურცელია საჭირო, რომ სრულად ასახო მსახიობის შემოქმედებითი სახე, მაგრამ ამ რანგის ოსტატზე საუბრისას, საკმარისია რამოდენიმე როლი, რათა უმალ მივხდეთ მის ფართო დიაპაზონს. სანამ ზაზა პაპუაშვილი სცენაზეა, არასოდეს ,,გაჩერდება”, ამიტომ ვასრულებ…... იმედით, რომ მომავალში, კიდევ უამრავი ახალი სახით წარუდგება მაყურებელს.
გამოყენებული მასალა: 1. ე. გუგუშვილი ,,კოტე მარჯანიშვილი” თბილისი 1972წ. გვ 400. 2. პოლონური გაზეთი,, Gაზეტა წყბორცზა” (,,გაზეტა ვიბორჩა”) . 07.08.2007 3. მ. კალანდარიშვილი ,,XX საუკუნის დასაწყისის ქართული დრამატული ნაწარმოების თანამედროვე ინტერპრეტაცია. (რ. სტურუას ,,დარისპანის გასაჭირი”. ,,ქართულ კულტურაში მიმდინარე პროცესები XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე” თბილისი, 2007წ. გვ 87. 4. მ. კალანდარიშვილი ,,XX საუკუნის დასაწყისის ქართული დრამატული ნაწარმოების თანამედროვე ინტერპრეტაცია. (რ. სტურუას ,,დარისპანის გასაჭირი”. ,,ქართულ კულტურაში მიმდინარე პროცესები XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე” თბილისი, 2007წ. გვ 83.

No comments:
Post a Comment