Tuesday, December 13, 2011

ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის 75 წლის იუბილე
2011 წლის 13 დეკემბერს ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა თეატრის 75 წლის იუბილე ამავე ქალაქში აღინიშნა. ეს თარიღი გვაძლევს საშუალებას, წარმოვიდგინოთ, თუ რამდენი თაობა აღიზარდა მათ სპექტაკლებზე. საიუბილეო საღამოს ამავე თეატრის შემოქმედებითმა ჯგუფმა უმასპინძლა. წარმოდგენა ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ სცენაზე გამართეს და თავიანთი სათქმელი, სამადლობელი და მოსაფერებელი სიტყვები ოთხმოცდაათ წუთში ჩატიეს. სწორედ ამ თარიღს დაემთხვა UNIMA-ს, თოჯინური ხელოვნების საერთაშორისო მოღვაწეთა, საერთაშორისო გაერთიანების დაფუძნება, რომელსაც ესწრებოდა ზემოთაღნიშნული ორგანიზაციის გენერალური მდივანი ჟაკ ტრუდო. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ბათუმში შეიკრიბა საქართველოში არსებული თოჯინების და საბავშვო თეატრების ხელმძღვანელები, ასევე თითების, მარიონეტების და ჩრდილების თეატრის წარმომადგენლები. კონფერენციასა უმასპინძლა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრმა. UNIMA-ს საქართველოს ეროვნული ცენტრი წარმოადგენს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს იმ ადამიანებს და ხელოვანებს, ვისაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში თოჯინური თეატრის განვითარებაში, ამ ცენტრის მიზანია თოჯინური ხელოვნების პოპულარიზაცია. საქართველოს უნიმას საპატიო პრეზიდენტებად დასახელდნენ რეზო გაბრიაძე და გივი სარჩიმელიძე. UNIMA-ს დაარსების შემდეგ, იუბილეს დაწყებამდე სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ ისტორიის და თანამედროვეობის ამსახველი გამოფენა, აფიშებისა და ფოტომასალის სახით.
მთავარ საიუბილეო საღამოზე ზღაპრულ კოსტიუმებში გამოწყობილმა მსახიობებმა წარმოდგენის დასაწყისშივე მხიარული მუსიკის და პანტომიმის ელემენტების თანხლებით, პუბლიკა ბავშვობის უდარდელ წლებში გადაისროლეს. მათ, ასევე დროდადრო გააცოცხლეს პატარ-პატარა სცენები სხვადასხვა სპექტაკლებიდან (“არგონავტები”, “წუნა და წრუწუნა”, “ნიანგი, გენა და მისი მეგობრები” და ა.შ). საიუბილეო საღამოს განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი ელფერი შესძინა უზარმაზარი, დაახლოებით ათმეტრიანი მარიონეტის, არლეკინის გამოჩენამ. ეს დინამიური თოჯინა სცენის შუაში დაეშვა, რომელმაც დიდი ემოცია და გაოცება გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში. ასევე, სტუმრებს, მსახიობების დახმარებით, საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ თეატრის წარსულს, თუ როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები და მთლიანი გზა, რომელიც მან წლების განმავლობაში გაიარა არსებობის დღიდან. ისინი მონაცვლეობით გამოდიოდნენ სცენაზე და ქრონოლოგიურად გვამცნობდნენ თეატრის ისტორიას. ეს ღირსშესანიშნავი დღე ძალიან ბევრმა ადამიანმა მიულოცა თოჯინების თეატრს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ზაზა სოფრომაძემ, აჭარის კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლამზირა ბოლქვაძემ, ლაშა ჩხარტიშვილმა, (თეატრმცოდნე) ლევან ხეთაგურმა, (თეატრმცოდნე) გივი სარჩიმელიძემ, (რეჟისორი-პედაგოგი) გურამ ბათიაშვილმა, (დრამატურგი, ჟურნალ ,,თეატრი და ცხოვრების” რედაქტორი) ჟაკ ტრიუდომ და სხვა. წარმოდგენა ქართულმა ხალხურმა ცეკვამ დაასრულა. თოჯინების თეატრის წლოვანების ზუსტი დათარიღება თეატრმცოდნე, ლაშა ჩხარტიშვილს ეკუთვნის. აჭარის სახელმწიფო ცენტრალურ არქივში, მუზეუმებსა, თუ ბიბლოთეკაში Aაღმოჩენილი მასალებით მან, ჯერ კიდევ სტუდენტმა, 2001 წელს ორმოცდათხუთმეტი წლით უკან გადაწია თეატრის ისტორია. მოგვიანებით კი ლ.ჩხარტიშვილმა მის კვლევებს ერთ წიგნში, “ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის ისტორიის საკითხებში” მოუყარა თავი, რომლის თანა ავტორიც თეატრმცოდნე, ნერონ აბულაძე გახლავთ. როგორც ცნობილია, ბათუმის თეატრის საზეიმო გახსნაზე 1936 წლის 20 ივლისს, წარმოდგენილ იქნა პირველი სპექტაკლი “კაკოს ოინები” , რომლის რეჟისორიც გრიგოლ კოსტავა გახლდათ. ამ ტიპის თეატრის დაარსების იდეა მოსკოვში, სტალინთან ქართული თეატრის მოღვაწეებთან შეხვედრისას წარმოიშვა. დელეგაციაში კი შედიოდნენ _ მსახიობი თამარ ჭავჭავაძე და დრამატურგი მიხეილ ნიორაძე, რომლებიც იმ დროისთვის დრამატულ თეატრში მოღვაწეობდნენ. 1936 წლიდან დღემდე არც ისე მარტივი გზა გაიარა ეგრეთწოდებულმა “ტიკინების” თეატრმა , როგორც მას ადრე მოიხსენიებდნენ. მან დაახლოებით ოცი წელი შეწყვიტა არსებობა. XX საუკუნის 80-იან წლებამდე, როგორც ისტორიული წყაროებით ვიგებთ, პერიოდულად იდგმებოდა თოჯინური სპექტაკლები, რომლებშიც მონაწილეობას ილია ჭავჭვაძის სახელმწიფო დრამატულის თეატრის მსახიობები იღებდნენ. საბავშვო თეატრს ბათუმში საკუთარი შენობა არ გააჩნდა და ამიტომ წარმოდგენები აჭარის მასწავლებელთა სახლში თამაშდებოდა, რომელიც 1924 წლიდან ატარებდა ამ სახელს.
საიუბილეო საღამოზე საპატიო სიგელით დააჯილდოვეს საქართველოს დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი გივი სარჩიმელიძე, რომელმაც უანგარო შრომა გაიღო თოჯინების თეატრის განვითარებისთვის. 1980 წელს, როდესაც ფუნქციონირებას იწყებს ბათუმის მუდმივმოქმედი თოჯინების სახელმწიფო თეატრი, ბატონ გივის ინიციატივით იქმნება მიზნობრივი მსახიობებისა და რეჟისორების ჯგუფი, რომლებიც მოგვიანებით ამავე თეატრში აგრძელებენ მოღვაწეობას. გივი სარჩიმელიძე, რომელიც ზემოთაღნიშნული თეატრის “ნათლიმამად” შერაცხეს, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა მას და არაერთი თაობა გამოზარდა. მის მიერ დადგმული სპექტაკლები კი წლების განმავლობაში დიდ სიხარულს ჩუქნიდა პატარებს. გივი სარჩიმელიძის სარეჟისორო ნამუშევრებს უფროს ასაკის მაყურებლის ინტერესიც არ აკლდა. მისი საეტაპო დადგმებია “ხეტიალა”, “მზის სხივი”, “წიდელქუდა”, “ცისფერი ზღარბი” და სხვა მრავალი. “ნათლიმამის” გარდა თეატრს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ _ რეზო გელაძე, თამაზ ბოლქვაძე, ეთერ თავართქილაძე. სწორედ ამ უკანასკელს მიუძღვის დიდი წვლილი მოზარდ მაყურებელთა თეატრის ჩამოყალიბებაში , რომელმაც არაერთი საინტერესი სპექტაკლი დადგა ეგრეთწოდებულ “ცოცხალ პლანში”. რეჟისორის მნიშვნელობანი ნამუშევრებია: “არაჩვეულებრივი კონკია”, “სტუმარ-მასპინძელი”, “ალუდა-ქეთელაური”, “ბუდე მეცხრე სართულზე”, “ნოეს კიდობანი” და სხვანი. 2008 წელს თოჯინების თეატრი და მოზარდ მაყურებელი გაერთიანდა, რამაც მისი სტატუსი შეცვალა. დღესდღეობით სახელწოდება შემდეგნაირად გამოიყურება _ ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი. ბოლო წლებში დადგმებზე დასწრების მსურველების მატება შემოქმედებითი გუნდის კარგ მუშაობაზე მეტყველებს. თეატრის დასი ოცი სხვადასხვა თაობის მსახიობით არის დაკომპლექტებული. მისი სამხატვრო ხელმძღვანელი ამ ეტაპზე ზურაბ ცინცაძე, ხოლო მმართველი მედეა ჩარკვიანია. დღესდღეობით თეატრის რეპერტუარში დაახლოებით ოცამდე მოქმედი სპექტაკლია. 14 დეკემბერს თოჯინებისა და მოზარდმაYმაყურებელთა თეატრმა ორი სპეკტაკლი შემოგვთავაზა _ ,,წუნა და წუწნა” და ბერტოლდ ბრეხტის ,,დედა კურაჟი და მისი შვილები”. წარმოდგენებმა არც თუ ისე ურიგოდ ჩაიარეს, იმ ყველა პირობის გათვალისწინებით, რაც დღეს თეატრშია შექმნილი. მიუხედავათ არსებული პრობლემებისა, დასი და მთლიანი შემოქმედებითი ჯგუფი აქტიურად მუშაობს და უკვე წლებია მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ფესტივალებში. 75 წლის მანძილზე ბათუმის თოჯინების თეატრს არ გააჩნდა საკუთარი შენობა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ იუბილესთან დაკავშირებით თეატრს, ბათუმის ერთ-ერთ ძველ და პრესტიჟულ უბანში უნიკალური არქიტექტურული ძეგლი გადასცა, რომლის მსგავსიც მთელს საქართველოში არ გახლავთ. მას მინიჭებული აქვს კულტურის ეროვნული ძეგლის სტატუსი. შენობის რეაბილიტაციის პროექტი უკვე შექმნილია და შენობა 2012 წლის ბოლოს თანამედროვე სტანდარტების ყველა მოთხოვანს დააკმაყოფილებს.
ბათუმის მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრის ორ დღიანმა იუბილემ ორგანიზებულად და ნაყოფიერად ჩაიარა, გარდა იმისა, რომ ჩვენ მოვისმინეთ ისტორია ამ თეატრისა, ვნახეთ რეალურად მათი დღევანდელი სახე, სამუშაო გარემო და პირობები. ისინი თავიანთი არსებობით ძალიან ბევრ პატარას ანიჭებენ სიხარულს, უქმნიან საზეიმო განწყობას და რაც მთავარია, უდიდესი წვლილი შეაქვთ მოზარდ მაყურებელთა კულტურულ აღზრდასა და ჩამოყალიბებაში. ბათუმის მოსახლეობას და ამ თეატრის ყველა გულშემატკივარს კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ შენობის რეაბილიტაციის დასრულებას და ერთად ვიხილოთ განახლებული რეპერტუარი. გამოყენებული ლიტერატურა _ “ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის ისტორიის საკითხები” (ავტ. ლ. ჩხარტიშვილი, ნ.აბულაძე) გამომცემლობა ,,კენტავრი” თბილისი 2008 წელი. თეატრმცოდნე სოფო ძიძიგური ლევან გახოკია

No comments:

Post a Comment