Monday, December 20, 2010
მახინჯი
მახინჯი
სპეკტაკლზე ნახევარი საათით ადრე მივედი. ფოიეში ყინავს, ყველა ამით არის შეძრწუნებული, ყურში “ნარ-ნარად” ჩამესმის ასაკოვანი ქალების საუბარი და ვგრძნობ მათი ძველი სუნამოს მძაფრ სურნელს. ეს იმ ადამიანების კატეგორიაა, რომლებიც დღემდე ხელოვნებით “საზრდოობენ”, თუმცა მათი ინტერესები (საუბრიდან გამომდინარე) მოიცავს ყველაფერს თეატრის გარდა.
წარმოდგენა ახალგაზრდა რეჟისორის დათა თავაძის მიერ არის დადგმული და ასევე დამწყები მსახიობებითაა დაკომპლექტებული. მასში ხუთი მსახიობი თამაშობს, ისინი ერთდროულად რამოდენიმე სხვა და სხვა როლს ასრულებენ, (ყველას ყავს თავისივე მოსახელე სხვა გმირი). სპეკტაკლი, მეტად აქტუალური თემით, დროულად გვისახავს დღევანდელობის პრობლემას.
პიესა მოგვითხრობს მახინჯი კაცის, ლეტეს ისტორიას, რომელიც იძულებულია გაიკეთოს პლასტიკური ოპერაცია, რათა გაუშვან კონგრესზე შვეიცარიაში. მიუხედავად იმისა რომ, ის არის გამოგონების ავტორი, ყველაზე კომპეტენტური პირი ამ საკითხში, მისი უფროსისათვის (შეფლერისთვის) უფრო, მნიშვნელოვანი ხდება გარეგნობა, ლეტეს სახე. ის მახინჯია და ასეთი გარეგნობით იგი ვერაფერს გაყიდის, ამიტომ კონგრესზე მიემგზავრება არა მეცნიერი, არამედ მისი ასისტენტი კარლმანი. ლეტე რომელიც ცხოვრობდა ისე, როგორც ყველა სხვა ადამიანი, ახლა გაოცებული და აღშფოთებულისა საკუთარი გარეგნობით, იგი პირვლად სვამს ცოლთან კითხვას: “რა მჭირს სახეზე”? ლეტეს მეუღლეს, ფანს, სრულებით არ ანაღვლებს ქმრის გარეგნობა, მას ის უყვარს ისეთი, როგორიც შვა განგებამ. თუმცა ამ კითხვის დასმის შემდეგ, ერთგვარად ირონიულად განეწყობა ქმრის მიმართ და არ უყურებს თვალებში საყავრელ მეუღლეს.
ლეტე დილემის წინაშეა, ან უნდა გაიკეთოს პლასტიკური ოპერაცია და წავიდეს კონგრესზე, ან დაემშვიდობოს კარიერულ წინსვლას, საბოლოოდ კი იგი უარს ამბობს თავის სახეზე, ხელის შემშლელს წარმატებაში. ეს არის კულმინაციური სცენა როგორც პიესის, ასევე სპეკტაკლის, მოულოდნელად იცვლება გმირის ცხოვრება, ჩნდება აქამდე არ არსებული პრობლემა.
ოპერაცია, ახალი სახე, შემდეგ კონგრესი, წარმატება და მანდილოსანთა გაცხოველებული ყურადღება, ლეტეს ერთგვარ ნარცისად აქცევს. იგი ხდება მარიონეტი, ახლა მას ისე ათამაშებს მისი ახალი სახის შემქმნელი შეფლერი როგორც, ნივთს. ის იძულებულია დაწვეს კომპანიის მფლობელ ქალთან, იმისთვის, რომ მისი გამოგონება იყოს რეალიზებადი. ამავდროულად ის საჩვენებელი თოჯინაა საზოგადოებისათვის, ექსპონატი, ქირურგის შედევრი. ახლა ლეტეს სახე უფრო აქტუალურია, ვიდრე გამოგონება, მაგრამ კატასტროფა ისაა რომ, იგი ერთადერთი აღარაა: პოპულარობასთან ერთად მრავლდებიან მისი კლონები. ლეტეს ავიწყდება ერთგული ცოლი, ფანიც სანუგეშოდ სხვას მიმართავს, საბოლოოდ კი “მახინჯი” მიდის ფსიქიურ აშლილობამდე, მას სურს დაიბრუნოს ძველი სახე, აქვს მცდელობა თვითმკვლელობის. Yველაფერი აერია, ის და გარშემომყოფნი ვეღარ ხვდებიან რომელია ნამდვილი ლეტე, ან კარლმანი, მათ ხომ ერთნაირი სახეები აქვთ. ქირურგი კი რომელმაც ეს “შედევრები” შექმნა, თავადაც ხდება გარდაქმნის მსხვერპლი.
სპეკტაკლის პირველივე წუთიდან თვალში გვხვდება, მარჯვენა მხარეს ამაღლებულ სკამზე, ზურგით მჯდომი შეფლერი, შემდეგ სცენაზე გამოდის ოთხი ახალგაზრდა მსახიობი, ისინი მაყურებლის წინაშე დგებიან ჩუმად, უძრავად, მცირე პაუზის შემდეგ კი პირველი მსახიობი იწყებს სიცილს. ცოტა ხანში მას აყვება მეორე, მესამე, მეოთხე. ესEსიცილი ჩემში აღიბეჭდა, თითქოს წინასწარი დაცინვა, საკუთარი თავისა და ცხოვრების, ეს მიზანსცენა საკმაოდ ღრმა და მოლოდინით აღსავსეა მაყურებლისათვის, ამ მოლოდინს კი სპეკტაკლის აქტიურ მსვლელობაში გადავყავართ.
სცენოგრაფია სპეკტაკლში მინიმალისტურია, მარტივი; სცენის მარჯვენა და მარცხენა მხარეს ამაღლებული ორი სკამი, ცენტრში კი მაგიდები, რომელბსაც სხვა და სხვა ფუნქცია აქვთ: ხან სკამებია, ხანაც საოპერაციო მაგიდები და ა.შ. გაფორმებაში დომინირებს სამი ფერი: თეთრი, წითელი და შავი. მსახიობების კოსტუმები შავი ფერისაა, რომლებზეც გამოსახულია სხვა და სხვა დეტალები, სხეულის ნაწილები. დეკორაცია და კოსტუმი ერთგვარ სინთეზს ქმნიან და საბოლოოდ, ერთ მთლიანობაში წარმოჩნდებიან.
სპეკტაკლში, აქტუალურ თემაზე, რეჟისორის ოსტატობა სწორედ იმაში ვლინდება, რომ ის გადმოგვცემს ამბავს, მაგრამ Yთან გვაძლევს იმის საშუალებას, აღვიქვათ ყოველივე ინდივიდუალურად. ლეტეს სახეცვლით რეჟისორი გვესაუბრება არა მარტო იმაზე, თუ როგორ შეიცვალა გმირი ფიზიკურად, არამედ უფრო მნიშვნელოვან საკითხს სვამს, ახალი სახე-ახალი ლეტე. ეს გმირი ჩემი აზრით, “თავიდან იბადება” მაგრამ, არა საკეთილდღეოდ, ლეტე საკუთარ სახესთან ერთად კარგავს შინაგან მეს. პიროვნება იშლება, ქრება. ჩვენს წინ კი ხელოვნური, -ვიღაცისგან-შეთითხნილი ადამიანი წარმოჩინდება, რომლისნაირი გარეგნობის ადამიანები, ნელ-ნელა უფრო მეტი ხდება, საბოლოო ჯამში კი, მთავარი გმირი ნატრობს დაიბრუნოს ძველი სახე, პირვანდელი მდგომარეობა. ის ხომ ახლა “ნივთი” უფროა, ვიდრე ადამიანი?! იგი თანაგრძნობას იწვევს მაყურებელში და არ გაღიზიანებს. ასევეა თითოეული ამ პიესის პერსონაჟი. კარლმანი, რომელიც ცდილობას აჯობოს მეცნიერს, არ იხევს უკან , მზადაა ნებისმიერი თანხა გაიღოს ლამაზი სახისთვის. ლეტეს ცოლი ფანი, ერთ დროს მეუღლესთვის უმშვენიერესი ქალი, შეურაწყოფილი რჩება, მას რიგში ჩადგომა უწევს საკუთარი ქმრის ,,მისაღებად”. მდიდარი ქალბატონი ფანი და მისი ვაჟი კარლმანი კი, არიან გმირები რომლებიც, მიილტვიან მიიღონ ფიზიკური სიამოვნება. დედა, შვილის წინაშეც კი არ ერიდება სექსუალურ აქტს, უფრო მეტიც, ლეტეს საკუთარ შვილსაც კი სთავაზობს “მრავალფეროვნებისათვის”, ხოლო ქირურგი, ეს არის ადამიანებით მოთამაშე პიროვნება , რომელიც ფულის გამო მზადაა, შექმნას უმარავი ლეტეს მსგავსი “ექსპონატი”, შემდეგ ისინი სათამაშოებივით ატაროს აქეთ-იქით და მოიპოვოს პოპულარობა, თუმცა ბოლოს ისიც მიდის იქამდე რომ, ცვლის საკუთარ თავსაც. ამ შემთხვევაში მას სხვა “ეგზემპლარები” აღარ დაჭირდება საჩვენებლად. ერთადერთი ვინც უცვლელი რჩება ესაა, შეფლერი, ლეტეს უფროსი რომელიც, სულაც არაა კომპეტენტური იმ საქმეში რასაც აკეთებს.
ამ სპეკტაკლს აბსურდის ჟანრს მივაკუთვნებდი, ის თავისი იდეებით მოგვაგონებს იონესკოს “მარტორქებს”. რეჟისორის და მსახიობების ოსტატობა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დამწყები შემოქმედნი არიან, იმდენად ნათლად არის ყველა პერსონაჟი განსახიერებული, რომ აუცილებლად აფიქრებენ საკუთარ თავზე, კიდევ ერთხელ გვახსენებენ არ დავკარგოთ სახე, ინდივიდუალურობა, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერიც.
ახალგაზრდა მსახიობები მოქნილი პლასტიკით, მიმიკითა და მეტყველებით გადმოგვცემენ თითოეული გმირის სახეს, მაგალითისთვის საკმარისია დავასახელო, მთავარი გმირი ლეტე, (სოსო ხვედელიძე) რომლის საუბარი, გამომეტყველება, თავიდანვე განაწყობს მაყურებელს მისდამი თანაგრძნობით, ვხვდებით რომ ის სულ მალე გახდება მსხვერპლი თანამედროვე მედიცინისა და შესაძლოა მას დაემატნონ სხვებიც. აღსანიშნავია მისი მეუღლე ფანი, (კატო კალატოზიშვილი) რომლის მეტყველება გაწონასწორებულია, ერთ ტონალობაშია მოცემული, მიმიკა ,,დამჯდარი”, სერიოზულია, თუმცა ლეტეს გარდაქმნის შემდეგ, ვხედავთ სიხარულით აღსავსე სახეს, თვალებს, შემდეგ მის სევდას, როგორ განიცდის ქმრის გულგრილობას და უყურადღებობას.
სპეკტაკლი შედგა. რეჟისორმა საინტერესო კუთხით დაანახა მაყურებელს პრობლემა, თან მოგვცა სრული თავისუფლება აღქმის ინტერპრეტაციის. წარმოდგენის ტემპო-რიტმი, საკმაოდ დინამიურია, ის მუდმივ განვითარებაშია. კულმინაციურ სცენამდე მას სწრაფად მივყავართ, საიდანაც დაშვებაც ასევე დროულია. სპეკტაკლი 90 წუთიანია, მას არ ახასიათებს გაწელილი სცენები, ამიტომაც მაყურებელს არ ბეზრდება ყურება. ამ მოკლე ქრონომეტრაჟში რეჟისორი ახერხებს გადმოგვცეს საკუთარი სათქმელი, ის იყენებს ქორეოგრაფიულ პატარა ჩანართებს, სიმღერას, მეტყველების სწრაფ რიტმს, ყველაფერი ეს კი საკმაოდ ეფექტურია. ხოლო ფინალში, მსახიობის მიერ, ცოცხლად შესრულებული სიმღერა, ავსებს საერთო ემოციურ ფონს.
დარბაზი დაცარიელდა. ხმაური შეწყდა. ფოიეში ისევ სიცივეა, ძველი სუნამოს სურნელი კი, ხალხის ხმაურთან ერთად, ნელ-ნელა ჰაერში დაიკარგა.
მე კი რეჟისორს ვუსურვებ შემოქმედებით წინსვლას, რომელიც, იმედი მაქვს, არასოდეს გაქრება ძველი სუნამოს სურნელის მსგავსად.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment