Thursday, March 24, 2011
ჩვენ ყველა გოდოს ველოდებით...
24 მარტს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში შედგა სპეკტაკლის პრემიერა ,,გოდოს მოლოდინში”. მოლოდინი მართალაც დიდი იყო. თეატრალური საზოგადოება ელოდა, თუ როგორ შესთავაზებდა რეჟისორი გიორგი აფხაზავა მაყურებელს, აბსურდის ამ კლასიკურ ნიმუშს.
პიესა გვიხატავს მარტოხელა ადამიანების ყოფას, რომლებსაც იმედის გარდა, არაფერი დარჩენიათ. ისინი ელიან, გულწრფელად, კეთილსინდისიერად, მაგრამ... ეს ძალიან მოსაბეზრებელია.
რეჟისორმა ესტრაგონსა და ვლადიმირს სახელები შეუცვალა და დიდით და გუგუოდ წარმოგვიდგინა (საფრანგეთში მიღებულია ამგვარი შემოკლება სახელებისა). ორ მოქმედებიანი პიესა იწყება ერთ-ერთი მთავარი გმირის, გუგოს (გიორგი ნაკაშიძე) გამოჩენით. სცენაზე გამოსულ მსახიობს, შუქი გამოკვეთს. ის თავდახრილი მოემართება მაყურებლისაკენ, თან მოსდევს მისი განუყრელი მეგობარი დიდი (თემო ნატროშვილი) და იწყება მოქმედება. ძონძებში გამოწყობლი ორი ,,მასხარა”, არაფრის მომცემი საუბრით ჩნდება მაყურებლის წინაშე. ჩექმა, რომელიც უბრალოდ საბაბია ლაყბობისა, ერთადერთი ხელჩასაჭიდი ნივთია, რომლის ირგვლივაც ისინი მუსაიფობენ. დროის გაყვანის მიზნით დაწყებულ მათ საუბარს, სიძულვილნარევი სიყვარულის ელფერი დაჰკრავს, ისინი დაიღალნენ ერთმანეთით, მაგრამ ვერ ეყრებიან, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასე უფრო იოლია მტანჯველი საათების გაყვანა. პარტერიდან შემოსული პოცო (ზურა გეწაძე) და მისი ლაქია ლაკი (ქეთი ჩაჩუა) სპეკტაკლის დინებას აცოცხლებენ და აქტიურ ფაზაში გადაყავთ, პოცოს იუმორისტული ფრაზებით გაჯერებული საუბარი და ლაკისადმი დამოკიდებულება, ურთიერთ გამომრიცხავია, ხოლო დამონებული და ღონემიხდილი ლაკი, ჭეშმარიტების მღაღადებლად გვევლინება. სპეკტაკლის მანძილზე ზურა გეწაძისა და ქეთი ჩაჩუას პერსონაჟები, მეორედ, სხვა ამპლუაში გვევლინებიან. მათ განგებამ მძიმე ხვედრი არგუნა. პოცო დაბრმავდა, ლაკი დამუნჯდა. მეორე აქტში, სცენაზე ჩნდება ბიჭუნა
(სოსო იოსელიანი) რომლიც, ამ გმირების იმედია გოდოს მოლოდინში, თუ დღეს არ მოვა, მოვა ხვალ!
მკრთალად განათებულ სცენაზე, დეკორაცია აბსურდის თეატრის მოთხოვნათა შესაბამისად მინიმალისტურია, პირობითი. მარჯვენა და მარცხენა მხარეს მოთავსებული კასრები უამრავ დატვირთავს იძენს, ისინი ხან საცხოვრებელია გუგოსა და დიდისთვის, ხან თავშესაფარი, ხანაც კი სამალავი. თვალში საცემია მარჯვენა მხარეს დაყრილი მიწა, სცენის შუაში, ლიანდაგებზე მოთავსებული ხე კი საბედისწერო ადგილია, ზუსტად აქ მწიფდება პერიპეტია, ანუ ,,ბედნიერებიდან უბედურებაში” გადასვლა, თუმცა ძნელია თქვა რომელიმე პერსონაჟზე, რომ ის ბედნიერია, ან ბედნიერი როდესმე იყო. სცენის ბოლოს კედელზე მოთავსებული მრგვალი დაფა კი, მთვარის ფუნქციას ასრულებს და დეკორაციულ გაფორმებაში დამაგვირგვინებელ, ემოციურ ფონს ქმნის. სცენოგრაფმა გაფორმება ზუსტად მიუსადაგა სიუჟეტს და თემატიკას.
მსახიობის მიერ შესრულებული ქმედება თუ, წარმოთქმული ფრაზა, მაყურბლის ემოციურ მდგომარეობაზე აისახება, ამიტომაც მინდა აღვნიშნო ის ფაქტი რომ, სპეკტაკლის მსვლელობის დროს თვალშისაცემი გახლდათ გიორგი ნაკაშიძის დაძაბული რეპლიკები, ის თითქოს ტექსტზეა ორიენტირებული, რაც ხელოვნურობის შეგრძნებას ბადებს, მაგრამ უნდა ვთქვა ისიც, რომ მისი მონოლოგი ,,საათები უსასრულოდ გრძელია”... იმდენად ემოციურად და ზუსტად იყო შესრულებული, რომ პუბლიკის ყურადღება, მთლიანად მსახიობზე გადავიდა.
ყველაზე მეტად გამოვყოფდი პოცოს, ზურა გეწაძის შესრულებით. მისი მაღალი პროფესიონალიზმი და არტისტული მონაცემები უდაოდ ეფექტურს ხდის სპეკტაკლს: პირველი შემოსვლა სცენაზე, მაყურებელს ამხიარულებს, ემოციურ ფონს ზრდის და შემოაქვს მეტი დინამიზმი. მკაფიოდ გამოკვეთილი სიტყვები, სწორი ინტონაცია, მიმიკა და პლასტიურობა, სრულ სინთეზშია. არაჩვეულბრივია მისი ერთი მდგომარეობიდან-მეორეში გარდასახვა. მისი პერსონაჟი უამრავ მხატვრულ სახეს ქმნის: პოცო-დესპოტი, პოცო-მეგობარი, იუმორით აღსავსე ადამიანი, დრამატული, ჭეშმარიტების მღაღადებელი და რეალობასთან პირისპირ მდგარი, ის კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ ,,ადამიანები სამარის პირას ვიბადებით”. მსახიობ ქეთი ჩაჩუას მიერ შესრულებული მონოლოგი იყო დასტური იმისა, რომ არ აქვს მნიშვნელობა პირველ და მეორეხარისხოვან როლს, მის მიერ წარმოთქმულ ფრაზებს, რომლებიც ემოციით იყო გაჟღენთილი, ნათლად ეტყობოდა, რომ შემსრულებელი ბოლომდე დაიხარჯა ამ გამოსვლით და აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.
სპეკტაკლის ბოლოს, სცენაზე რჩებიან ორნი-დიდი და გუგო. ისინი კვლავ სიმართლის ძიებაში არიან და ელიან გოდოს. ის მოვა, დღეს თუ ხვალ, ზეგ...
დასამახსოვრებლია სიზმრის სცენა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მსახიობების პლასტიკა და მიმიკა იმდენად მრავლისმეტყველია მოცემულ მონაკვეთში, რომ დარბაზში მსხდომი პუბლიკისათვის ყველაფერი ნათელია.
ბეკეტისა და იონესკოს გმირები, არსებობენ ცხოვრებისა და სიკვდილის ზღვარზე, მათ ცხოვრების ეშინიათ არანაკლებად, ვიდრე სიკვდილის, მათ არ გააჩნიათ ისეთი სახეები, რომლებსაც ჩვენ ვხვდებით რეალისტურ ხელოვნებაში. ისინი ჩადიან უჩვეულ, არალოგიკურ საქციელს, ლაპარაკობენ დაუმთავრებელი ფრაზებით, იყენებენ შემთხვევით სიტყვებს, რომლებიც ზოგჯერ არაფერს ნიშნავს, ყოველივე ეს კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ შევიგრძნოთ მარტოხელა ადამიანის არსებობის უაზრობა და საშინელება. ადამიანის ცხოვრება აბსურდულია, ამტკიცებენ ეს დრამატურგები, რადგან ადამიანი მომაკვდავია.
სამუელ ბეკეტისთვის ეს პიესა უბრალო, მარტივი თამაშია, ზედმეტი ფილოსოფიური და რელიგიური ნააზრევების გარეშე, მაგრამ ფაქტია რომ, ეს ნაწარმოები სიმარტივის ფარგლებს ცდება და ბევრად ღრმა შრეებში გადის. იგი მკითხველსა და მაყურებელს უამრავი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს და ამიტომ ყველას თავისებურად შეულძლია გაიგოს მისი არსი, დაინახოს უმარავი სიმბოლო და ჩაწვდეს მას. სპეკტაკლს რეფრენად გასდევს სიტყვები ,,ჩვენ გოდოს ველოდებით”. თითქოს ეს ,,დაურღვეველი პირობაა, რომლეიც გმირებმა გოდოსთან დადეს”, მათ ერთადერთი რამ აძლებინებთ ამ სამყროში-იმედი. თავის ჩამოხრჩობის სურვილი, რომელიც დიდისა და გუგოს ამოძრავებს, უარყოფილია პატარა უმნიშვნელო მიზეზებით, ისინი თავიანთ თავებს არ უტყდებიან, ეძებენ ხელჩასაჭიდს. აყვავებული ტირიფი, პატარა ბიჭუნა, ეს იმ იმედის ნაპერწკალია, რომელიც გოდოს მოლოდინს ამსუბუქებს და აიძულებს გმირებს ელოდონ მას. ამ მარტოსული ადამიანების ყოფაზე გვესაუბრება ავტორი, ზოგადად კაცობრიობის პრობლემებზე: ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ შეუბრალებელნი, მაჩანჩალები, მხიარულები, გონიერი ადამიანები, რომლებსაც სურთ სხვათა დახმარება ან მონურ მდგომარეობას შეგუებულნი, რომლისთვისაც მადლობის თქმაც კი შეიძლება მოგვიხდეს. პიესის გმირებს უნდათ იყონ ბედნიერები მაგრამ მათი ყოფა გაუსაძლისია და სიხარულის ნაპერწკალიც კი არ ღვივის, მხოლოდ მტანჯველი მოლოდინი.
უაზრო დიალოგები, არაფრის მთქმელი სიტყვები გვესმის სცენიდან, მაგრამ აბსურდის ამ დრამას ბევრად დიდი საზრისი აქვს ვიდრე ეს ერთი შეხედვითაა. ,,ყველანი გიჟებათ ვიბადებით, მაგრამ ზოგიერთი მუდამ ასეთი რჩება”, ესაა ცხოვრება. დაბრმავებული პოცო სიმბოლოა ადამიანის ცხოვრების მოულოდნელობისა, რომელიც ერთ წამში გარდაქმნის მის პირმშოებს. ის ტომარაში ჩაყრილი ქვიშაა, თუ ძირს გაუხევ აუცილებლად გადმოიყრება და მისგან არაფერი დარჩება.
სამწუხაროდ რეჟისორი ზოგჯერ ,,იკარგება”: პირველ აქტში გაწელილ დიალოგებს, მხოლოდ პარტერიდან შემოსული პოცო და ლაკი აცოცხლებენ. რჩება შთაბეჭდილება, რომ დროის გაყვანის მიზნით, ხელოვნურად იყო გაჭიმული ეს მოქმედება, რაც ცოტა არ იყოს დამღლელია მაყურებლისათვის. სპეკტაკლი ძირითადად მსახიობების პროფესიონალიზმზე აეწყო. რა მოხდებოდა, რომ პიესა აბსურდის არ ყოფილიყო? მაშინ II მოქმედების ბოლო სცენა ჩემთვის გაუგებარი დარჩებოდა. ეს ის მომენტია, როდესაც სოსო იოსელიანის პერსონაჟი მეორედ ჩნდება, გიორგი ნაკაშიძისა და თემო ნატროშვილის საუბრის დროს. ბიჭი სცენის სიღრმიდან გამოდის, ამ დროს მაყურებლისკენ სახით მდგარი დიდი (თემო ნატროშვილი) ყოველგვარი ,,მიზეზის” გარეშე ბრუნდება უკან და იწყებს დიალოგს ბავშვთან, ეს ქმედება კი ზუსტად ეხმიანება აბსურდის თეატრის პირინციპებს.
ბეკეტის ეს პიესა, 2002 წელს რუსთაველის თეატრში დაიდგა რობერტ სტურუას მიერ. მის მიერ დადგმულ ამ სპეკტაკლს ,,ფილოსოფიური კლოუნადა” უწოდეს და საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ესტრაგონი და ვლადიმირი ამჯერად აქ დიდისა და როროს სახელებით მოგვევლინენ. დაიწერა უმარავი სტატია, რომლებიც დადებითად აფასებდნენ სპეკტაკლს.
მოლოდინმა გაამართლა, ბეკეტის გმირები კიდევ ერთხელ გაცოცხლდნენ ჩვენს წინ და ნათელი გახადა, რომ ყველა, გოდოს ველოდებით...
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment